პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის. კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც საგანგებო მდგომარრეობის 22 მაისამდე გაგრძელებას კენჭი უნდა უყარონ.
„არავის, თუნდაც ძალიან მდიდარ და ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებს, არ აქვთ არც მზა ფინანსური რესურსები, არც სასწაულმოქმედი კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ შეძლო და ერთ-ერთმა პირველმა მიმართა საერთაშორისო საფინანსო და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს.
ჩვენი დამაჯერებელი ნაბიჯების საპასუხოდ მივიღეთ ფინანსური დახმარების პირველი მასშტაბური ნაკადი, რომლის საფუძველზე მუშავდება სწორედ კრიზისის დაძლევის გეგმა.
ამ დღეებში მთავრობისგან ამ გეგმის პრეზენტაციას ველოდებით და მაქვს მოლოდინი, რომ იგი უპასუხებს იმ მოქალაქეებისა და საწარმოების საჭიროებებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. სოლიდარობისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ.
სწორედ იმისათვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შევამციროთ და ჩვენს მოსახლეობაზე მისი შედეგები შევამსუბუქოთ, საჭიროა, საგანგებო მდგომარეობა დღეს შენარჩუნდეს, რადგან სამაგიეროდ, შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები. კერძოდ მეორადი აფეთქება, რის შედეგადაც ზომების კიდევ უფრო გამკაცრება დაგვჭირდებოდა. ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს“, - თქვა პრეზიდენტმა.