საქართველოს მიმართ პოზიტიური საერთაშორისო შეფასებები ეფუძნება იმას, რომ ობიექტური გარე დამკვირვებლები ხედავენ, სწორ ნაბიჯებს და ხედავენ შედეგებსაც. საქართველომ ეფექტური პოლიტიკა და ღონისძიებები დაუპირისპირა პანდემიის საფრთხეს, - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
"ჩვენზე ბევრად ძლიერი ეკონომიკის და ჩვენზე უკეთ დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებმა, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს საფრთხე დროულად არ შეაფასეს და დროულად არ იყო ის ნაბიჯები გადადგმული, რაც ჩვენ გადავდგით, მიიღეს მძიმე ვითარება. თუმცა, ეს შედეგი, რაც ჩვენ გვაქვს ეპიდემიის შეკავების კუთხით, არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ახლა გადავერთოთ ოპოზიციასთან დაპირისპირებაზე და ვუპასუხოთ მათ ყველა კომენტარს. კინკლაობის დრო არ არის. საზოგადოება ხედავს ძალიან კარგად, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებულნი ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე და ვზრუნავთ ადამიანებზე რამდენადაც ეს შეიძლება. თქვენ მეკითხებით შეიძლება თუ არა ოპოზიციამ ამ ვითარებაში ფეხი მოიკიდოს? ფეხი რომ მოიკიდონ კორონავირუსის საკითხით, ამის ალბათობას ვერ ვხედავ, მაგრამ ხელი რომ მოკიდონ საქმეს და დაეხმარონ მოქალაქეებს, ამის შესაძლებლობა დღეს ყველას აქვს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიაშია. ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას, მედიას და ყველა კრიტიკულ კითხვას ვპასუხობთ, მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საზოგადოებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.