აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი კვირები COVID 19-ის გავრცელების კუთხით ყველაზე კრიტიკული იქნება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ეს დასკვნა ემყარება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ვირუსის გავრცელების პიკი შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე-მერვე კვირას დადგა.
"წინა კვირაში ჩვენ გვქონდა 3 ნახტომისებური ზრდა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ თქვენ, უმრავლესობამ, დაიცავით, ის რეკომენდაციები, რასაც საქართველოს სახელმწიფო და ჩვენ, ექიმები, ვიძლეოდით მოსახლეობის მიმართ, მოვახერხეთ, რომ დღეს ისევ, ყოველდღიური ზრდის მაჩვენებელი არ სცილდება 10 ახალ შემთხვევას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. საქართველო ერთ-ერთი დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მაგრამ, მოგეხსენებათ, ყველაფერი წინაა. ჯერ პანდემია ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ვერ გააჩერეს დიდმა ქვეყნებმა პანდემიის გავრცელება, ამიტომ მომავალი 3 კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ ვამბობ 3 კვირას - ჩვენ პირველი შემთხვევა დავაფიქსირეთ 26 თებერვალს, ხოლო შიდა გავრცელების შემთხვევები 22 მარტს დავაფიქსირეთ. სწორედ შიდა გავრცელებიდან დაწყებული უკვე მეექვსედან მერვე კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად. დღეს ჩვენ შევედით მეხუთე კვირაში, ამიტომ აპრილის ბოლო და მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმოჩილესად, რომ ის მთავარი სლოგანი, რაც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში, დავრჩეთ სახლში ძალაშია და ის უმრავლესობისთვის ძალაში იქნება კარგა ხანს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.