მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, დავიცვა სახელმწიფოს კანონი და, მაშასადამე, მოგთხოვოთ თქვენ, დაემორჩილოთ კანონს. მე, პრემიერთან ერთად, მოვაწერე ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას; მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვაში.
"ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ ასცდნენ.
თუ დაწვრილებით არ ვიცით და ვერ გავთვლით, როდის იქნება პიკი, ერთი რამ მაინც კარგად უნდა გვესმოდეს - ის, რომ პიკი გარდაუვალია - ისევე, როგორც უნდა გვესმოდეს, რომ ეს დაავადება ყველას შეიძლება შეეხოს.
ამიტომ, ისევე, როგორც პირველ ეტაპზე მთავრობამ მოახდინა დროული და ეფექტიანი რეაგირება რამაც ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ქვეყნების რიგში ჩააყენა, დღესაც, ამ კრიტიკულ მომენტში, სიტუაციის უფრო დამძიმებამდე, იღებს აუცილებელ ზომებს და, როგორც იცით, ამ დღეებში მომმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
სხვადასხვა სახელმწიფო უწყება 24-საათიან რეჟიმში ემსახურება თქვენს ჯანმრთელობასა და ქვეყნის კეთილდღეობას. ჩვენი ექიმების შეშფოთება და მუდარა ყველამ მოვისმინეთ.
ამ დროს მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, დავიცვა სახელმწიფოს კანონი და, მაშასადამე, მოგთხოვოთ თქვენ, დაემორჩილოთ კანონს. მე, პრემიერთან ერთად, მოვაწერე ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას; მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას.
კანონმა, ისევე, როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია. ჩვენი სახელმწიფოსთვის და მისი გადარჩენისთვის ქართველმა ერმა ბევრი სისხლი დაღვარა, ბევრი ბრძოლა გადაიტანა. დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებაზე და სახლში დარჩენაზე", - თქვა პრეზიდენტმა.