"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მერობის კანდიდატი ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი გია ჭანტურია იქნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სარწმუნო წყარომ აცნობა. წყაროს ცნობით, "ქრისტიან-დემოკრატებმა" უკვე დაასრულეს კონსულტაცები და მერობის კანდიდატად გია ჭანტურიას უახლოეს ხანში დაასახელებენ.
"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერი, ლევან ვეფხვაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
"ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. ამის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გია ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან 2004 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა გაათავისუფლა.
ჭანტურია ამ თანამდებობაზე 1995 წლიდან, მისი დაარსების დღიდან მუშაობდა. ამ პოსტზე დანიშვნამდე ის იყო აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი. 1997 წელს გიორგი ჭანტურიამ ხელი მოაწერა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აღდგენის შესახებ კონტრაქტს, 2002 წელს ჭანტურიამ ხელი მოაწერა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანის შესახებ კონტრაქტს, 2003 წელს კი - კონტრაქტს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაყვანის შესახებ.
ბოლო პერიოდში გია ჭანტურია აზერბაიჯანში სახელმწიფო ნავთობკომპანიაში მოღვაწეობდა.