ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, COVID 19-ის სწრაფი გავრცელებისა და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან ასარიდებლად ქალაქებს შიგნით მოქალაქეთა გადაადგილების წესები უნდა გამკაცრდეს. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, მოქალაქეების გადაადგილების უფლება მხოლოდ წამლის ან სურსათის შესაძენად უნდა შეეძლოთ.
"ქალაქებს შიგნით ხალხის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის კონტროლი უნდა იყოს ძალიან გამკაცრებული, რადგან, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. თითოეული ჩვენგანი საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის არ გახდა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მოწოდების საფუძველი.
შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში ალბათ, სასურველია ადამიანებს გარეთ გასვლის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ პროდუქტების შესაძენად და აფთიაქში.
ყოველდღიურად ასობით შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ეს ათასობით ადამიანის დაინფიცირების ტოლფასი იქნება, ჯანდაცვის სიტემა და საზოგადოება მოვხვდებით იმ კოლაფსში, რომლის წინაშე ბევრი ევროპული ქვეყანა, განსაკუთრებით იტალია და ესპანეთი აღმოჩნდნენ”, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, საქართველო ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების ფაზაში შევიდა. იმატა ინფექციის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევებმა, ანუ როდესაც ვერ ხერხდება იმის დადგენა, ვისგან გადაედო ადამიანს ვირუსი. სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე ქვეყანაში საგანგებო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა.