თუ ეს მოსახლეობა მხოლოდ ტაშს დაგვიკრავს და თვითონ არაფერს გააკეთებს, ეს იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი, - ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში განხორციელდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა მძიმე შედეგებს, დარტყმის ეფექტებს და ეს სახეზეა.
„ეს ჩვენი პრევენციული მედიცინის და ჩვენი ავტორიტეტების ძალიან დიდი დამსახურება. მათ შეძლეს ამის გაკეთება. მეც ვთვლი ჩემ თავს, ბოლო ჯარისკაცი მე ვარ, ვთქვათ ამ ბრძოლაში. მინდა, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, ახლა სასინჯი ქვა დევს ჩვენს პოპულაციაში, ჩვენს მოსახლეობაში. თუ ეს მოსახლეობა მხოლოდ ტაშს დაგვიკრავს და თვითონ არაფერს გააკეთებს, ეს იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი.
მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ჩვენ საზოგადოებას, უღრმესი მადლობა ტაშისთვის, მაგრამ ახლა თქვენ უნდა იშრომოთ, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო და აღასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, რომელიც მოდის ჯანდაცვის სამინისტროსგან“,- განაცხადა შოთა ცანავამ.