თუ შევასრულებთ თვითიზოლაციის მოთხოვნებს და სწორად გამოვიყენებთ პირბადეს, პირობას გაძლევთ, რომ კომენდანტის საათი მოიხსნება, - ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
მისი თქმით, იზოლაცია უნდა იყოს არა თვით, არამედ იძულებით.
"მე ვხედავ იმას, რომ კონტაქტებს ერთმანეთთან ვზღუდავთ, მაგრამ სანახევროდ არ გამოვა. მაინც შეკრებები გაქვს, მაინც ურთიერთობები გვაქვს. იზოლაცია უნდა იყოს არა თვით, არამედ იძულებით, ცოტა ნაწილი მიდის თვითზოლაციაში. ბევრი ფაქტია, რომ კეთილსინდისიერად ასრულებენ ამ მოთხოვნებს. თუ ყველანი შევასრულებთ თვითიზოლაციის მოთხოვნებს, ყველა სწორად გამოვიყენებთ პირბადეს, პირობას გაძლევთ, რომ აღარ გაგრძელდება ეს საშინელება, რომელსაც ვერავინ ვიტანთ. აუცილებელია, რომ ჩატარდეს ეს ღონისძიება, აუცილებელია სახელმწიფოს მიერ გადადგმული ეს იძულებითი ნაბიჯი. მოდით, მაქსიმალურად დავემორჩილოთ ამას და პირობას გაძლევთ, რომ ეს კომენდანტის საათი, ეს საშინელება მოიხსნება. მე ამ პირობებს გთავაზობთ, თქვენ თქვენი იცით", - განაცხადა შოთა ცანავამ.