შესაძლებელია თუ არა, ახალი კორონავირუსით რე-ინფექცია, ეს საკითხი პირდაპირ დაკავშირებული იმუნიტეტთან, კერძოდ, რამდენად მყარ იმუნიტეტს გამოიმუშავებს ადამიანი ინფექციის გადატანის შემდეგ, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა-ეპიდემიოლოგმა, ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მაგისტრმა, ეკატერინე ქარქაშაძემ.
მისი თქმით, COVID-19-ის გადატანის შემდეგ ადამიანს გამოუმუშავდება იმუნიტეტი, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე თვე, მინიმუმ ერთი სეზონი მაინც, ან რამდენიმე წელი „მუშაობს“.
„თუ ეს ასეა, მაშინ ეს გამორიცხავს კორონავირუსით რე-ინფექციას უახლოეს პერიოდში მაინც. „აღსანიშნავია, რომ სხვა კორონავირუსით გამოწვეული SARS-ის შემთხვევაში,რომლის ეპიდაფეთქებაც 2002-2003 წლებში იყო, იმუნიტეტის მაჩვენებელი ანტისხეულები შენარჩუნდა თვეები და წლებიც კი. გარდა ამისა, სულ ახლახან მაიმუნებზე ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ გამოჯანმრთელებული პრიმატები აღარ დაავადდნენ ახალი კორონავირუსით - SARS-CoV-2-ით“, - აცხადებს ეკატერინე ქარქაშაძე“, - ამბობს ქარქაშაძე და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის შესახებ მყარი მტკიცებულება არ არსებობს იმის გათვალისწინებით, რომ ინფექცია ახალია და იმუნიტეტის განვითარებაზე დაკვირვება კი დროს მოითხოვს.
„თებერვლის თვიდან მოყოლებული აქტუალურად ისმის საკითხი COVID-19-ის ხელმეორედ განვითარების ანუ რე-ინფექციის შესახებ. არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, როდესაც გამოჯანმრთელებული პაციენტების განმეორებითმა ტესტირებამ კორონავირუსზე დადებითი შედეგები აჩვენა. ცნობისთვის, არსებული პროტოკოლის მიხედვით, გამოჯანმრთელება გულისხმობს კლინიკურ გამოჯანმრთელებას, ანუ დაავადების სიმპტომების გაქრობას და კორონავირუსზე ორი განმეორებითი ტესტის უარყოფით პასუხს. უმეტეს შემთვევაში ასეთ პაციენტებს არ აღენიშნებოდათ არანაირი სიმპტომი, გარდა ტესტირების მონაცემებისა, თუმცა იაპონიაში, მაგალითად, გამოჯანმრთელებულ პაციენტს კვლავ განუვითარდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. ექსპერტების უმრავლეობა მიიჩნევს, რომ რე-ინფექცია ნაკლებ სავარაუდოა და ზემოთ აღწერილ „ხელახალი ინფიცირების“ შემთხვევებს სხვადასხვაგვარად სხნიან.
ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ტესტირების შეცდომა. კერძოდ, პაციენტი, შესაძლოა, არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული და ტესტირებით ვერ მოხერხდა ვირუსის დადგენა. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო თვითონ ტესტის ხარვეზი, ან ნაცხის აღების ტექნიკა.
მეორე, შესაძლებელია, რომ ხელმეორედ ტესტირებისას დადებითი შედეგი განპირობებული იყოს ვირუსის გენეტიკური მასალის, "რნმ"-ის ნარჩენებით, რომელიც რეალურად აღარ არის აქტიური (უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მკვდარი ვირუსის ფრაგმენტებით) და რომელსაც ტესტი აღიქვამს როგორც დადებით პასუხს“, - აცხადებს ქარქაშაძემ.
მისივე თქმით, ყველა თანხმდება, რომ საჭიროა, აღნიშნული შემთხვევების უფრო დეტალური შესწავლა, თუმცა „ამ ეტაპზე მყარი მტკიცებულება არ გვაქვს არც ერთი ჰიპოთეზის სასარგებლოდ და ალბათ, მიმდინარე და სამომავლო კვლევები გასცემენ პასუხს ამ კითხვას“.