„დღეს გვაქვს ორი ძირითადი გამოწვევა - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველო ეფექტურად უმკლავდება პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს - ჯანდაცვის სისტემა, ასევე, სხვა მოკავშირე სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.
მისივე თქმით, დასახელებულ ორ გამოწვევასთან ეფექტურად გასამკლავებლად, ხელისუფლება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
რაც შეეხება პროგნოზს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვითარების პროგნოზირება რთულია, თუმცა მსოფლიო მონაცემების ანალიზით პანდემიის რამდენიმე სცენარი - შედარებით მოკლევადიანი, სეზონური და გრძელვადიანი სცენარები განიხილება.
„ყველას აინტერესებს, თუ როგორია პროგნოზი - მსოფლიო მონაცემების გათვალისწინებით სხვადასხვა სცენარები განიხილება. ძირითადად, ეს არის შედარებით მოკლევადიანი, სეზონური და გრძელვადიანი სცენარები. ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოში მაისის ბოლოს - ივნისისთვის შესაძლებელია მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია, და შემდეგ უკვე კლებადი ტენდენციის ჩამოყალიბება. მეორე ვერსიაა, რომ ამან შეიძლება უფრო ხანგრძლივი ხასიათი შეიძინოს და თვეები დასჭირდეს, სანამ შემთხვევების რაოდენობა წავა მილევად რეჟიმში. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ვალდებული ვართ, რომ ყველა სცენარისთვის ვიყოთ მზად. ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ყველაზე რთული სცენარებისთვისაც კი მოვამზადოთ ქვეყანა და ჩვენი სამსახურები; დაბეჯითებით წინასწარ იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სურათი - რთულია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, აშკარად ჩანს, რომ საქართველო იმ გამონაკლის ქვეყნებს შორისაა, რომელმაც ვირუსის გავრცელების შეკავება შეძლო.
„თუ მიღწეული დაბალი გავრცელების შენარჩუნება შევძელით, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ოპტიმისტური სცენარი განვიხილოთ. მომდევნო ორ კვირაში გამოჩნდება ახალ შემთხვევებსა და განკურნებულებს, კარანტინიდან გასულებს შორის ბალანსი როგორია - ამაზე ბევრია დამოკიდებული” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.