გამოვიჩინეთ ინიციატივა, რომ ერთ-ერთმა პირველებმა შესაძლოა პლაზმა გამოვიყენოთ, - განაცხადა გადაცემა COVID 19-ში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, პლაზმით მკურნალობა საკმაოდ შრომატევადია და ამგვარ ხერხს ამერიკაშიც კი იშვიათად მიმართავენ.
"პლაზმით მკურნალობა საქართველოში არასდროს გამოყენებულა. იმუნური პლაზმა საქართველოში რაღაც პერიოდში გამოიყენებოდა, მაგრამ საშიში ინფექციებისათვის. ეპიდემიისა და პანდემიების დროს არ გამოყენებულა. იდეა საინტერესოა განსაკუთრებით იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტები თითქმის არ არსებობს”, - განაცხადა ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ ამის გამოყენებაზე ცალსახა რეკომენდაცია არ გასცა, თუმცა თანხმობა განაცხადა, რომ დაიწყოს ამ პლაზმის გამოყენების შესაძლებლობაზე მუშაობა.
"ეს რთულია. პირველი - დონორის შერჩევაა რთული. მის პლაზმაში ანტისხეულების კონცენტრაცია უნდა იყოს მაღალი, რომ მას მაღალი სამკურნალო ეფექტი ჰქონდეს. ადამიანმა, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსის ინფექცია, მის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული. ზოგიერთ განკურნებულ პაციენტში რჩება მაღალი იმუნიტეტი, ზოგიერთში რჩება დაბალი. ტიტრი უნდა იყოს მაღალი, მინიმალური დონეა მინიშნებული FDA-ს რეკომენდაციაში, რომ სულ ცოტა 320 განზავებაზე უნდა იზომებოდეს ანტისხეულების კონცენტრაცია.
ერთი ადამიანისგან შეიძლება დამზადდეს ერთისთვის, შეიძლება დამზადდეს რამდენიმესთვის, მაგრამ რთული, თვითონ პროცედურაა.
გარდა ანტისხეულების ტიტრისა იქ მთელი რიგი პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს. შემდეგ სპეციალური მაღალტექნოლოგიური მეთოდებით უნდა დამზადდეს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ითხოვს, რომ ყოველი ცალკეული გადასხმა შეთანხმდეს FDA-სთან. ეს არ არის მარტივი და არასტანდარტული პროცედურაა. ეს დაშვებულია განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ამოწურულია მკურნალობის სხვა შესაძლებლობა და ერთგვარი გადარჩენის თერაპიაა.
ამერიკაში სულ ერთეული შემთხვევებია გადასხმული. კორონავირუსის შემთხვევაში ევროპაში საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს. გამოვიჩინეთ ინიციატივა, რომ ერთ-ერთმა პირველებმა შესაძლოა ეს პლაზმა გამოვიყენოთ. უკვე გვაქვს კონტაქტი შესაბამის კომპანიებთან, რომლებმაც შემოგვთავაზეს, რომ მათ აქვთ მაღალტექნოლოგიური მეთოდები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ეს პლაზმა დავამზადოთ. ჩვენ ამას ალბათ გავაკეთებთ მაგრამ ეს არ არის მარტივი, როგორც მოსახლეობას წარმოუდგენია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.