ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან ბრძოლაში მეცნიერთა ნაწილი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო BCG ვაქცინაზე იმედს ამყარებს. მსგავსი კვლევები იგეგმება გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთშიც, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა-ეპიდემიოლოგმა, ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მაგისტრმა, ეკატერინე ქარქაშაძემ.
"მელბურნის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის პროფესორის განცხადებით, BCG ვაქცინა ხელს უწყობს ადამიანის ზოგადი იმუნიტეტის ამაღლებას და ეხმარება არა მხოლოდ ტუბერკულოზის, არამედ სხვადასხვა გამომწვევების, მათ შორის, ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ შემთხვევაში აღნიშნული ვაქცინის ექსპერიმენტულად გამოყენების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს COVID-19-ის შედარებით მსუბუქად გადატანა და მისი სიხშირის შემცირება, სანამ სპეციფიკური ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე“, - განაცხადა ქარქაშაძემ და აღნიშნა, რომ ეს თეორია, ერთი მხრივ, ემყარება იმ ფაქტს, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად იტალიაში, აშშ-სა და კიდევ ბევ ქვეყანაში, არ ხდება უნივერსალური BCG ვაქცინაცია და აღნიშნულ ქვეყნებში COVID -19-ით გამოწვეული ოფიციალური სიკვდილობის მაჩვენებელი მაღალია.
"ამ ეტაპზე, რაიმე მტკიცებულება, რომ BCG ვაქცინა მოქმედებს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, არ არსებობს. ამიტომ, არ უნდა გაგვათამამოს იმ ფაქტმა, რომ საქართველოში საყოველთაოდ ტარდება BCG ვაქცინაცია (რაც ნიშნავს რომ თითქმის ყველა აცრილია ამ ვაქცინით) და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის აუცილებლად დაგვიცავს COVID -19-ისგან. უნდა დაველოდოთ მიმდინარე კვლევის შედეგს და მყარ მტკიცებულებებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ქარქაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ევრონიუსმა" ჟურნალ "Science"-ზე დაყრდობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდებში მიმდინარე კვირიდან იწყება მოხალისეების, რომლებიც მედიცინის მუშაკები არიან, BCG-ს რევაქცინაცია.
მონაწილეები დაყოფილები არიან ორ ჯგუფად, ერთი მიიღებს BCG -ს, მეორე - პლაცებოს. შედეგები იქნება შედარებული. იგივე პროტოკოლს იყენებენ მელბურნის ვირუსოლიგები. ბრიტანეთში, პირიქით - ამ კლევაში მონაწილეობენ არა მედიკოსები, არამედ ხანში შესული მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები.