გასული ვართ თითქმის ყველა ინფიცირებულის კონტაქტზე, სადაც არ დაგვიმალეს ეს კონტაქტები, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა სამწუხაროდ მალავდნენ კონტაქტებს, მაგრამ ჩვენ მაინც მივაგენით სხვადასხვა წყაროთი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, სამი შემთხვევის პირველწყარო უცნობია, რომელთაგან ორის შემთხვევა შიდა გავრცელების პრეცედენტია.
"ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია, დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. როცა შიდა გავრცელების პრეცენდენტი ფიქსირდება ქვეყანაში, ეს არის უკვე განგაშის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი. როდესაც ვერ გადიხარ პირველწყაროზე, ე. ი. გაქვს ჯაჭვური რეაქცია გავრცელებისა, რომელიც არის ნიშანი, რომ ეპიდემია კიდევ და კიდევ უფრო გაფართოვდება და გამძაფრდება.
ჩვენ ამ 85-დან სამი შემთხვევაში გვიჭირს, ვერ გავდივართ და დიდი ალბათობით ეს გახლავთ შიდა გადაცემის პრეცედენტები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის უკვე ქვეყანაში და ის უკვე სხვას ასნებოვნებს, სხვას გადასდებს. ამიტომ, თვითონ ეს ფაქტია ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.