10 ოქტომბერს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მოაწყობს საქველმოქმედო აქციას "გადავარჩინოთ სიცოცხლე - შენც შეგიძლია გახდე ქველმოქმედი".
აქცია მთაწმინდის პარკში ჩატარდება. წითელი ჯვრის მოხალისეები მოახდენენ ფონდების მოძიებას შემოწირულობის ყუთების მეშვეობით.
აქციის მხარდამჭერია შპს "ბარამბო", რომლის პროდუქციას სპეციალურად ღონისძიებისთვის ექნება წარწერა "შენც შეგიძლია გახდე ქველმოქმედი" და უსასყიდლოდ დაურიგდება პარკში მყოფ დამსვენებელ მოსახლეობას და აქციის მონაწილეებს.
შეგახსენებთ, რომ აქცია "გადავარჩინოთ სიცოცხლე - შენც შეგიძლია გახდე ქველმოქმედი" 25 სექტემბერს დაიწყო და 10 ოქტომბერს დასრულდება. შეგროვილი შემოწირულობა იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.