პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია სოციალური მუშაკების დაკავების ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემა ერთჯერადი დაკავებით ვერ გადაწყდება. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
იგი გამოეხმაურა შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დაკავებული არიან სამეგრელოს რეგიონში სოციალური მუშაკები და ლიბერთი ბანკის თანამშრომლები, პენსიონერთა მონაცემების გაყალბებისა და ამის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის მითვისების ფაქტზე.
ბაღათურია აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოს ყველა რეგიონში არსებობს და მიიჩნევს, რომ ეს არის ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ერთჯერადი დაკავებით ვერ გადაწყდება. ამიტომ ითხოვს საქმის საფუძვლიან შესწავლას და ამ სფეროში სისტემური ცვლილებების განხორციელებას.