"ყოველდღიურად შეიძლება მოიმატოს რაოდენობამ, რადგან ყოველდღე ვლინდება ახლო კონტაქტი, რაც გულისხმობს ერთ მეტრზე ნაკლებ კონტაქტს 15 წუთის განმავლობაში",-ასე აფასებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსთან დაკავშირებულ მდგომარეობას საქართველოში.
მისი თქმით, ყველა ასეთი ადამიანი ყურადღების ცენტრშია. იმნაძემ ყურადღება მოქალაქეთა მოხალისეობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ცენტრი ამ პროცესში ვერ ჩაერევა.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.