ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, დღეს ჩატარებული 11 პაციენტის ტესტის პასუხები უარყოფითია - მათ არ აღმოაჩნდათ კორონავირუსი. მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
„დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ შეგვმატებია, ერთი გაეწერა - იყო 29, დარჩა 28. 11 პაციენტზე მივიღეთ პასუხები, ყველა უარყოფითი. დღის მეორე ნახევრისთვის კიდევ 11 ტესტი ჩავატარეთ. შედეგები დილისთვის იქნება ცნობილი. ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო ორი პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა, პირველთან დადასტურებულია პნევმონია, საშუალოზე მძიმედ მიმდინარეობს, გამოხატულია ის, რაც დამახასიათებელია ვირუსული პნევმონიისთვის. ობიექტური სტატუსი ჯერჯერობით სტაბილურია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.