ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და ასე გავაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას რაღაც ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია.
„რაღაც ეტაპზე შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაც, ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.
ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ - დღევანდელი მონაცემებით, იმ ობიექტური რეალობით და იმ შეფასებებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მართვის პროცესი, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ დღეს გვჭირდება, გაგვაჩნია. როცა ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, - თქვა გახარიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.