მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ხვალიდან აიკრძალება სპორტული, ფიტნეს და სპა დარბაზების მუშაობა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.