საქართველოში COVID-19-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ირკვევა, ინფიცირებული ბოლო სამ დაავადებულთან კონტაქტში იყო.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის კლინიკაში კვლავ 45 პაციენტია.
"გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან ამ დროისთვის წევს დადასტურებული 19 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა.
შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34–ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.