შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 364 პენსიონერის კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე აცხადებენ, რომ ისინი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად ამ საქმეზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
"ჩვენ ვთანამშრომლობდით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან და კვლავაც გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას, რომ მსგავსი ფაქტები იყოს გამოვლენილი და ყველა ის ადამიანი, რომელიც პენსიონერების ჯიბეში აფათურებს ხელს სასტიკად იყოს დასჯილი", _ აცხადებს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე.
"ლიბერთი ბანკში" კი აცხადებენ, რომ მათმა თანამშრომლებმა კანონი უხეშად დაარღვიეს და ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან.
"ისინი ფონდის თანამშრომლებთან ერთად ახორციელებდნენ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას. ანუ დამატებით იქნა ბიუჯეტიდან გამოთხოვილი თანხები, არასაპენსიო თანხები, პენსიონერები თავის კუთვნილ პენსიას ჩვეულებრივად იღებდნენ, ხოლო ამათმა თავისი კრიმინალური გარიგებით გააკეთეს ისე, რომ დამატებით გამოითხოვეს ბიუჯეტიდან თანხები, რაც მერე გაინაწილეს", _ აცხადებს "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ზურა წულაია.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ცენტრის განყოფილების უფროსი დავით გახარია, ამავე განყოფილების თანამშრომელი გელა ნაჭყებია, "ლიბერთი ბანკის" თანამშრომლები ვახტანგ ჩიტაია, ვარლამ სახურია, ლეილა მიქავა, ფრიდონ ჩიტაია და ბეჟან პაპავა.
მათ უკანონოდ მიითვისეს პენსიონერებისათვის განკუთვნილი 95 ათასი ლარი.