თბილისის ინფექციური საავადმყოფოში მყოფი 27 პაციენტიდან 4 პაციენტი არის 14 წლამდე ასაკის, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ
ეზუგბაიას განცხადებით 5 პირი, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ ინფექციურ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.
"მათი ზოგადი მდგომარეობა არაა მძიმე, განსხვავებული ასაკობრივი მონაცემებია. მხოლოდ 2 პაციენტთან არის ტემპერატურა 37.2, დანარჩენებთან ძალიან მინიმალური სიმპტომატიკითაა გამოვლენილი. დღეს დღეობით ჩვენს სტაციონარში მკურნალობს 27 დადასტურებული პირი“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისი ინფორმაციით, ეს ხუთივე პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. „დაკვირვების ქვეშ იყვნენ, იმიტომ რომ კონტაქტში იყვნენ 4 წყაროდან ერთ-ერთ წყაროსთან. როდესაც გამოვლინდა კლინიკური ნიშანი ტემპერატურის სახით ამ 2 პირთან, ჩაითვალა საჭიროდ რომ გაკეთებულიყო ტესტირება“.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ხვალ დილისთვის კიდევ 22 ანალიზის პასუხს ელოდებიან.