ბათუმის რაიონული პროკურატურის ინიციატივით 16 წლის ბეგლარ ქოქოლაძე ბათუმის საამშენებლო კომპანიაში "ორბი 2000" დასაქმდა.
ბეგლარ ქოქოლაძე აჭარის მკვიდრია, ის მახინჯაურის მეურნეობაში ოჯახთან ერთად ვაგონში ცხოვრობს. ბ. ქოქოლაძე სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მესამე ნაწილით არის ნასამართლევი და აქვს პირობითი მსჯავრი ხუთი წლის გამოსაცდელი ვადით.
ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ გაითვალისწინა ბეგლარ ქოქოლაძის მძიმე სოციალური მდგომარეობა და მას დასაქმების შესაძლებლობა მისცა, რაც ქოქოლაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის შემოსავლის საშუალება გახდება. 7 ოქტომბრიდან ბეგლარ ქოქოლაძე ბათუმის სამშენებლო კომპანიაში "ორბი-ანაკი" იმუშავებს და მისი ანაზღაურება 300 ლარი იქნება. პირველ სამუშაო დღეს სამსახურში ბეგლარ ქოქოლაძე ბათუმის რაიონულმა პროკურორმა ავთანდილ კილაძემ პირადად მიიყვანა.
საქართველოს პროკურატურა სოციალურად დაუცველი მოზარდების დასაქმებას პროექტ ~საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.