ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განკარგულებით, ქვეყანაში ჩასულ ყოველ ადამიანს სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.
ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მიკრობლოგ "ტვიტერზე" გავრცელდა.
"ყველა, ვინც საზღვარგარეთიდან ისრაელში ჩამოვა, 14 დღის განმავლობაში იზოლირებულად იქნება", - თქვა მან ვიდეომიმართვაში.
მისივე განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღება რთული აღმოჩნდა, თუმცა შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელი.
ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, განკარგულება ისრაელის მოქალაქეთათვის დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში, ხოლოს გადაუდებელი ზომა უცხოელებზე ხუთშაბათიდან გავრცელდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 39 შემთხვევაა დადასტურებული.