"ამ ეტაპისთვის საკმარისად მზად ვართ იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ არსებულ ინფექციას იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საქართველოში დაფიქსირებულია" - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, კორონავირუსზე საუბრისას.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსთან გასამკლავებლად ქვეყანაში საკმარისი საკარანტინე ადგილები და ჰოსპიტალური სივრცეების რესურსია. მისივე თქმით, სახელმწიფომ მიაღწია მიზანს, ინფექცია საზღვართან მაქსიმალურად ახლოს აღმოეჩინა.
"ამ მიზანს შემდეგ მოჰყვებოდა ის ნაბიჯი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კარანტინში, თვითიზოლაციაში მყოფი პაციენტების დროული იდენტიფიცირება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ინფექციის გადაცემა ქვეყნის შიგნით. ეს პირობაც ძალიან კარგად არის შესრულებული",-თქვა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში დღეის მონაცემებით 170 პაციენტი იმყოფება. მისივე თქმით, 32 პაციენტი სტაციონარშია, აქედან 9 პაციენტს ინფექცია დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან ერთი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა, კიდევ ერთი - მასთან კონტაქტში მყოფი პირი. მესამე პაციენტი 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. მეოთხე შემთხვევა 4 მარტს დადასტურდა - ის 44 წლის მამაკაცია, რომელმაც ჩამოფრენიდან სამ დღეში მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს მაღალი სიცხით და ყელის ტკივილით.