სამშენებლო კომპანია "აქსისმა" ყაზბეგის გამზირზე ახალი სავაჭრო ცენტრის " AXIS@SHOPPING " მშენებლობა დაასრულა და ბიზნესწრეებსა და პოტენციურ კლიენტებს წარუდგინა.
ახალი სავაჭრო ცენტრი 5000 კვ.მ.-მდეა. ორ სართულზე სხვადასხვა ბრენდის მაღაზიები და კაფეები განთავდება.
"დღეს " AXIS@SHOPPING "-ში ხუთი მაღაზია ფუნქციონირებს. ცენტრში უახლოეს დღეებში სხვა ახალი მაღაზიები გაიხსნება. ათობით ბრენდთან კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება. დაინტერესება დიდია, რადგან ამ მასშტაბისა და სტანდარტების სავაჭრო ცენტრზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. " AXIS@SHOPPING " ფართები 20 კვ.მ.-დან იწყება და შესაძლებელია როგორც მათი ქირაობა, ასევე ყიდვა. "აქსისი" მაქსიმალურად გაითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს და ინდივიდუალურად გამართავს მოლაპარაკებს დაინტერესებულ ბრენდებთან", - განაცხადა მენეჯერმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ცენტრი "აქსისმა" ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დაგეგმა და ააშენა კიდეც.
"ოქტომბერში უძრავი ქონების ბაზარზე სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლისთვის დივერსიფიცირებული პროდუქტებით შემოვდივართ. ეს არის დასრულებული ბინები, კომერციული და საოფისე ფართები, დასრულებული და დამოუკიდებელი ოფისი და შოპინგცენტრები. " AXIS@SHOPPING " პირველია და "აქსისს" დაგეგმილი აქვს სავაჭრო ცენტრების კონცეფციის სრულყოფა, განვითარება და ახალი ცენტრების აშენება. ბაზარზე არსებული დაინტერესება და დღევანდელი პრეზენტაცია დასტურია იმისა, რომ კრიზისი გადალახულია და ეტაპობრივად პოზიტიური ტენდენციები მატულობს", - განაცხადა "აქსისის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ.
"აქსისის" ინფორმაციით, მშენებლობა დაახლებით 3,5 მილიონი დოლარი დაჯდა, რომლის ამოღებასაც მენეჯმენტი სამ წელიწადში გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, სავაჭრო ცენტრში ფასები 20 დოლარიდან დაიწყება.