კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების საკითხს პარლამენტი უახლოეს დღეებში, მთავრობასთან შეთანხებით, გადაწყვეტს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები დღეს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გაკეთდა, რაც საკითხი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ დააყენა.
როგორც მან აღნიშნა, ნიქოზისა და ხვითის მოსახლეობა შიმშილობს. კოკოითის გადაწყვეტლებით ამ სოფლის მოსახლეობას სარწყავი წყალი არ მიეწოდებოდა და მოსავალი გაუნადგურდათ.
როგორც ბაღათურია აცხადებს, საჭიროა ხელისუფლებამ მათ საგანგებო ყურადღება დაუთმოს.
მის მოთხოვნას ქრისტიან-დემოკრატებიც გამოეხმაურნენ.
როგორც ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, მოსახლეობას უნდა მიენიჭოს სპეციალური კატეგორია სწორედ იმის გამო, რომ ეს წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთ ფაქტორს და არ უნდა იყოს განპირობებული მხოლოდ სოციალური ფაქტორით. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ამ მოსაზრებებს საპარლამენტო უმრავლესობაც იზიარებს.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ განაცხადეს, ხელისუფლება აღნიშნულ პრობლემას სათანადოდ აფასებს. თოიძის განმარტებით, საჭიროა მოხდეს გათვლა, რა დაუჯდება ბიუჯეტს აღნიშნული კატეგორიის მოსახლოებისათვის საგანგებო სტატუსის მინიჭება და შესაბამისად მათთვის დახმარების გამოყოფა.
თოიძე განმარტავს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან და საკითხი გადაწყდება.