11 ოქტომბრიდან ზოგადი ინფორმაცია ამინდის პროგნოზირების შესახებ იქნება უფასო, სფეციფიკურ ინფორმაციაზე დაწესდება შესაბამისი გადასახადი, ამის შესახებ განცხადება დღეს გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გააკეთა.
მინისტრის თქმით, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ ეროვნული სააგენტოს მომხმარებლები, რაც უზრუნველყოფს მათ, რომ მიიღონ ზუსტი ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის თუ სხვა მასთან დაკავშირებული დეტალური საკითხების შესახებ.
"ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას ინფორმაციაზე, რომელიც არ არის გავრცელებული ეროვნული სააგენტოს მომხმარებლების მიერ. ორშაბათიდან ვაცხადებთ მომსახურებაზე 30%-იან ფასდაკლებას. არსებობს სხვადასხვა ტიპის პაკეტები. სააგენტო შეთავაზებს უფრო გაუმჯობესებულ და მრავალფეროვან მომსახურებას," განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
მინისტრი აცხადებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის 90%-იანი სიზუსტით პროგნოზირებას აკეთებს.
"თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ჰიდრომეტეოროლოგიური საგუშაგოებიდან ჩვენ ონლაინ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას. როგორც იცით, არსებობს უცხოური და ქართული საიტები, რომლებიც ავრცელებენ ამინდის სხვადასხვა პროგნოზს. ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. რამდენიმე თვეა ვაკვირდებით, რა პროგნოზს სთავაზობენ სხვა საინფორმაციო წყაროები და რა პროგნოზს ვაკეთებთ ჩვენ. მხოლოდ ეროვნულ სააგენტოს აქვს მრავალფეროვანი ინფორმაცია მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი პროგნოზირების შესახებ"- განაცხადა მინისტრმა.
გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგულარულ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ დაკვირვებებს აწარმოებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური გლობალური დაკვირვების ქსელის და მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) წევრია. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების ცენტრი არის ჩართული საერთაშორისო ქსელში, რომელიც მხოლოდ ჩვენგან იღებს საქართველოს ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას.
საქართველოს მასშტაბით მუშაობს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი 23 ჰიდრომეტეოსადგური, 14 მეტეოსადგური და 14 მეტეოსაგუშაგო.