შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში, რომელიც პრეზიდენტმა კონგრესს გაუგზავნა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის პოლიტიკა და ცალკეული ადამიანების ქმედებები ძირს უთხრის უკრაინის დემოკრატიულ განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მზარდი საფრთხის ქვეშ იმყოფება მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა, უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
"რუსეთის მთავრობის მოქმედებები, მათ შორის ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში ძალის გამოყენება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ყირიმის ანექსიისა და დონბასში სამხედრო ძალის გამოყენების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2014 წელს დააწესა.
2014 წლის მარტში რუსეთმა მიიტაცა და მიიერთა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული. ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა.