დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს საზღვარგარეთ არსებულ ქართულ სატვისტომოებში საგანგებო წარმომადგენლები ეყოლება.
წამომადგენლები, შესაძლოა, საკონკურსო წესით შეირჩეს.
ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საგანგებო წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაც არსებობს. ბრძანებულებას პაპუნა დავითაია დღეს პარლამენტში უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტს გააცნობს.
"საუბარია ყველა დიასპორაში წარმომადგენლის დანიშვნაზე. წარმომადგენელი კოორდინირებას გაუწევს დიასპორებს. ისინი შეიძლება გაიგზავნოს საქართველოდან და შესაძლოა დაინიშნოს ადგილობრივი დიასპორის კადრებიდანაც. შესაძლოა, პირები შეირჩნენ კონკურსის წესითაც,"-განაცხადა დავითაიამ.
დავითაიას თქმით, წარმომადგენელთა ვინაობის შერჩევის პროცესი არ არის მოკლევადიანი და პროექტის სრულ განხორციელებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს.