შეერთებული შტატები პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლესთან მელანია ტრამპთან და ქალიშვილ ივანკა ტრამპთან ერთად სახელმწიფო ვიზიტით ინდოეთს ეწვია.
პრეზიდენტის თვითმფრინავი გუჯარათის შტატში, აჰმედაბადის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას პირადად დახვდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელმაც გულმხურვალე დახვედრა მოუწყო ამერიკის პრეზიდენტს.
აეროპორტიდან ტრამპი და მოდი, თანხლებ პირებთან ერთად ინდოელი ხალხის სულიერი წინამძღოლის, მაჰათმა განდის მიერ დაარსებულ აშრამს (მონასტერი) ეწვივნენ.
ამის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი და ინდოეთს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებენ მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართება მსოფლიოს უდიდეს კრიკეტის სტადიონ Motera-ზე.
როგორც იუწყებიან ღონისძიებას 100 ათასამდე ადამიანი დაესწრება.
სტადიონზე სიტყვით მიმართვის დასრულების შემდეგ, დონალდ და მელანია ტრამპები სახელგანთქმულ თაჯ მაჰალის სასახლეს ეწვევიან. ამის შემდეგ კი გაემგზავრებიან ნიუ დელიში, სადაც ხვალიდან დაიწყება სახელმწიფო ვიზიტის ოფიციალური მოლაპარაკებების ნაწილი.
ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი შეხვდება ინდოეთის პრეზიდენტსა და ინდოელ მეწარმეებს.
მოელიან, რომ დონალდ ტრამპი და ნარენდრა მოდი, შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობის შეთანხმებებს მოაწერენ ხელს, მათ შორის სავაჭრო და სამხედრო სფეროში.
ინდოეთი 24 ქვეყანაა, რომელსაც ტრამპი პრეზიდენტის რანგში ეწვია.