საკრუიზო ხომალდ Diamond Princess-ზე, რომელიც იაპონიაში, იოკოჰამას პორტშია გაჩერებული, ორკვირიანი კარანტინი მოხსნილია. დღეს დილიდან მგზავრებმა ნაპირზე გადმოსვლა უკვე დაიწყეს.
14 დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ბორტიდან არ უშვებდნენ.
პირველი მგზავრები ტრემინალიდან რიგ-რიგობით გამოვიდნენ, ყვითელი ავტობუსებისკენ გაემართნენ და პორტი დატოვეს. დღეს ხომალდს 500-მდე ადამიანი დატოვებს, რომლებსაც კორონავირუსი არ გამოვლენიათ, საუბარია უპირველესად ხანდაზმულ ადმიანებზე.
სულ Diamond Princess-ის ბორტზე 3 700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. კორონავირუსი 542 ადამიანს დაუდგინდა.
ლაინერი Diamond Princess-ი 20 იანვარს იაპონიის ქალაქ იოკოჰამადან ორკვირიან კრუიზში კაგოსიმა-ჰონგ-კონგი-ოკინავას მარშრუტით გაემგზავრა, კრუიზი 4 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.
თუმცა გაირკვა, რომ ერთი მგზავრი, რომელიც ჰონგ-კონგში ნაპირზე გადავიდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. 3 თებერვალს გემი იოკოჰომას პორტში რეიდზე დარჩა მგზავრების გასინჯვის მიზნით. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ ლაინერის 14-დღიან კარანტინში დარჩენა მოითხოვა.