ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. "ნოვაია გაზეტას" მიმომხილველი 2006 წლის 7 ოქტომბერს, მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს.
გამოძიება მისი მკვლელობის ძირითადი ვერსია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებდა.
პოლიტკოვსკაიას განსაკუთრებული პოპულარობა ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ-კავკასიაში შემნილ ვითარებაზე მისმა პუბლიკაციებმა მოუტანა.
ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეში ოთხი წლის შემდეგ ახალი გარემოებები გაჩნდა. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ადგილი სადაც დამზადდა პისტოლეტი, რომლიდანაც ჟურნალისტი მოკლეს. ამასთან დაკავშირებით, გამოძიება აღნიშნული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის განმეორებით დაკითხვას აპირებს. ეს რუსეთის შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი სერგეი ხაჯიკურბანოვია, რომელიც ადრე გამოძალვისათვის იყო ნასამართლევი. ინფორმაციას ამის შესახებ "როსიისკაია გაზეტა" ავრცელებს.
იატაკქვეშა საამქრო სადაც იარაღს ამზადებდნენ მოსკოვის გარეუბანში აღმოაჩინეს. იგი ვაგონსარემონტო ქარხნის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. იქ ნაპოვნია დაზგა, რომელიც ექსპერტიზის მონაცემებით, გამოყენებული იყო იმისათვის, რომ საბრძოლოდ გადაეკეთებინათ გაზის პისტოლეტი "იჟ"-ი რომლიდანაც ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ყოფილ მილიციელს ამ იატაკქვეშა საამქროსთან კავშირი ჰქონდეს. გამოძიება ასევე მიიჩნევს, რომ "მან შეიძლება იცოდეს ვინ და რა იარაღზე მისცა შეკვეთა არა მხოლოდ ქურდული "პახანების" არამედ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობისთვის".
სამართალდამცავები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ხაჯიკურბანოვს შეიძლება ასევე კავშირი ჰქონდეს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის მიხეილ ტიშინის მკვლელობასთან. შესაძლოა ეს მკვლელობა იმავე ქილერმა ჩაიდინა, რომელმაც ანა პოლიტკოვსკაია მოკლა.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი მოსკოველი სამართალდამცავი ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმის ფიგურანტი იყო, მაგრამ იგი და სხვა ეჭვმიტანილები 2009 წლის ზამთარში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. ამის მიუხედავად სერგეი ხაჯიკურბანოვი მაინც გაასამართლეს სულ სხვა საქმეზე. მიმდინარე წლის თებერვალში სერგეი ხაჯიკურბანოვს მოსკოვის ტაგანსკის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ანა პოლიტკოვსკაიას საქმეში მთავარი მოწმისათვის გამოძალვის ფაქტზე.
ანა პოლიტკოვსკაიას საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებების გამო ხაჯიკურბანოვი რამდენიმე დღის წინ მორდოვის კოლონიიდან მოსკოვში "მატროსსკაია ტიშინას" იზოლატორში გადაიყვანეს. ანა პოლიტკოვსკაიას საქმეს გამომძიებელი პეტროს გარიბიანი იძიებს.
ამასთან ერთად, "ნოვაია გაზეტას" მთავარო რედაქტორი დიმიტრი მურატოვი მიიჩნევს, რომ მისი აზრით, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიების საქმე ძალიან ნელა მიდის.
"ამ დანაშაულის რეალური დამკვეთის მოსაძებნად უნდა გაკეთდეს ყველაფერი თან პოლიტიკური მოსაზრებების მიუხედავად, ეს კი ჩვენს დროში ალბათ შეუძლებელია", _ აცხადებს მურატოვი.