დღეს, 7 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დედაენის საზოგადოების დამფუძნებლები პრესკონფერენციას გამართავენ.
საქართველოში დედაენის საზოგადოება დაფუძნდა. "ენა ერის ბურჯია და იგი შველას საჭიროებს", _ ამ ფრაზით იწყება პარლამენტის ბაზაზე დაფუძნებული დედაენის საზოგადოების მანიფესტი.
"გლობალიზაციის ხანაში ქართული ენა დადგა დამახინჯების, გადაგვარების, დაკნინებისა და განადგურების საფრთხის წინაშე. იგი წალეკა ბარბარიზებმა, კალკამ, მიბაძვამ და სინტაქსურმა სიმახინჯეებმა. ენა ერის ბურჯია და იგი შველას საჭიროებს", - ნათქვმაია დედაენის საზოგადოების მანიფესტში.
საზოგადოების დამფუძნებლები არიან თამაზ კვაჭანტირაძე - ლიტერატორი, პარლამენტის წევრი; გიორგი ნიჟარაძე - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი და ზაზა გაჩეჩილაძე - პროფესორი, საქართველოს მთარგმნელებისა და თარჯიმანების ასოციაციის თავმჯდომარე.
მათი განცხადებით, დედაენის საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს საგანგებოდ დაფინანსებული პროგრამების ხორცშესხმას, ქართული ენის მასწავლებლების მომზადება/გადამზადებას.
"უნდა ამოქმედდეს ზეპარტიული, პოლიტიკურად იუკერძოებელი, თავისუფალი, ზოგადეროვნული დაწესებულება, რომელიც იზრუნებს ენის სიწმინდის შესანარჩუნებლად, მის გადასარჩენად და გასაძლიერებლად. მან უნდა მოიზიდოს ქართული ენის სპეციალისტები (ენათმეცნიერები, ფილოლოგები), რომლებიც შეიმუშავებენ ქართული ენის გადარჩენისა და შემდგომი განვითარების კონცეფციას; შექმნიან და მუშაობაში ხელს შეუწყობენ სხვადასხვა მიმართულებით სათანადო ლექსიკისა თუ ტერმინოლოგიის დარგობრივ კვლევით ცენტრებს, გაარღმავებენ ქართული ენისა და სწორი მეტყველების საჯარო პროპაგანდას ტელევიზიის, რადიოსა თუ პრესის მეშვეობით, სათანადო დარგობრივი ლექსიკონების, სახელმძღვანელოების,
სამახსოვრო ბუკლეტებისა და სხვა თვალსაჩინო მასალის გამოქვეყნება-გავრცელებისგზით", _ აცხადებენ ისინი.
საზოგადოების დამფუძნებლების განცხადებით, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას გრძელვადიანი კომპლექსური გეგმა სახელმწიფო დონეზე, რათა დროულად გამოვფხიზლდეთ და დავიცვათ ქართული, როგორც სახელმწიფო ენა.