დღეს, 7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ქუთაისში, საქართველოს კონტროლის პალატის ოფისში, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
საქართველოს კონტროლის პალატა ახალი ინიციატივით გამოდის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტთათვის 2010/2011 სასწავლო წელს "საჯარო სექტორის აუდიტში~ სალექციო კურსს გამართავს.
როგორც კონტროლის პალატაში განმარტავენ, რეფორმების შედეგად პალატაში უკვე დაგროვდა სტუდენტებისთვის გადასაცემად საკმარისი ცოდნა და გამოცდილება საჯარო სექტორის მართვისა და აუდიტის თანამედროვე მეთოდოლოგიის სფეროში.
"საქართველოს კონტროლის პალატა, მისი თითოეული თანამშრომელი თავს ვალდებულად მიიჩნევს, წვლილი შეიტანოს განათლების განვითარებასა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ამიტომ საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები სალექციო კურსს წარუძღვებიან ანაზღაურებისა თუ სხვა დამატებითი საბიუჯეტო ხარჯის გარეშე", - აცხადებენ კონტროლის პალატაში.
წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება საქართველოს ისტორიაში პირველად "საჯარო სექტორის აუდიტის~ სამაგისტრო პროგრამის შექმნა. პროგრამა დაინერგება არა საქართველოს დედაქალაქში, არამედ რეგიონულ ადმინისტრაციულ ცენტრში და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება, დაეუფლონ პერსპექტივაში კონკურენტუნარიან პროფესიას.