"საქართველოში პოლიციელებს ადრე "ძაღლებს" უწოდებდნენ. დღეს კი ეს სიტყვა კარგა ხანია არ გამიგონია", _ ეს განცხადება საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუსული სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"მთავარი ის კი არ არის, "გაის" სახელი შეუცვალო და პატრული დაარქვა, ან მილიციას სახელი შეუცვალო და პოლიცია დაარქვა. ყველა ძველი ე. წ. გაიშნიკი სახლში გავუშვით. იმიტომ, რომ დამპალი სისტემის გამოჯანსაღება იმაზე რთულია, ვიდრე მისი მთლიანად შეცვლა. მათ ნაცვლად საზოგადოებიდან ავიყვანეთ სრულიად ახალი ხალხი, რომლებმაც ირწმუნეს, რომ ისინი კარგი პოლიციელები იქნებიან", _ აცხადებს მერაბიშვილი და დასძენს, რომ პოლიციელებმა საზოგადოებისთვის ამის დამტკიცება შეძლეს.
"დღეს საქართველოში პოლიციას 82 % ენდობა. ადრე ჩვენთან პოლიციელებს "ძაღლებს" უწოდებდნენ, თქვენი "ლეგავიის" ან "მენტის" მსგავსად. ახლა კი ასეთი სიტყვა არ გამიგონია კარგა ხანია. ჩვენ დამნაშავეთა სატელეფონო საუბრებს ვუსმენთ - ისინიც კი აღარ საუბრობენ ასე", _ აცხადებს მერაბიშვილი.