გვაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია დათანხმდება ჩვენს წინადადებაზე და ამაში ძალიან სერიოზული როლის შესრულება შეუძლიათ დასავლელ პარტნიორებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ალბათ კარგი იქნება, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას კეთილგონიერებისკენ მოუხმობენ. ჩვენ ვთავაზობთ მათ ოპტიმალურ მოდელს და ეს არის 100/50-ზე. ეს გამორიცხავს იმას, რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა შემდეგ პარლამენტში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია წამოვა ამ გონივრულ გადაწყვეტილებაზე და ამაში ძალიან სერიოზული როლის შესრულება შეუძლიათ დასავლელ პარტნიორებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო მიიწევს წინ მიზნისკენ, რასაც ევროპული ინტეგრაცია ჰქვია.
„გასული წლების განმავლობაში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. საქართველო არასდროს ისე ახლოს არ ყოფილა ევროკავშირთან, როგორც არის დღეს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანმიმდევრულ პოლიტიკას. ჩვენ შევასრულებთ ყველა ვალდებულებას და ეს გახდება აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი მიზანი და კონსტიტუციური ამოცანა“, - აღნიშნა კობახიძემ.