საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს.
მანამდე თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს მირჩა ჯოანს შეხვდება.
12-13 თებერვალს ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს უმასპინძლებს.
წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 56-ედ ჩატარდება. კონფერენცია 14 თებერვალს გაიხსნება და 16 თებერვალს დაასრულებს მუშაობას.
ყოველწლიურ კონფერენციაზე მიუნხენში იკრიბებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ექსპერტები, სახელმწიფო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ექსპერტები, აკადემიკოსები.
კონფერენციის მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.