საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში, მეტროლოგიის რეგიონული ორგანიზაცია "COOMET"-ის ეგიდით ორგანიზებული სემინარი გაიხსნა. სემინარი 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მოიცავს პრაქტიკული სწავლების ჩატარებას თემაზე - "განუსაზღვრელობის გამოსახვა მასის გაზომვის სფეროში".
სემინარში მონაწილეობას იღებენ „COOMET"-ის წევრი ქვეყნების, მათ შორის: უკრაინის, გერმანიის, მოლდოვას, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის და ა.შ. წარმომადგენლები.
აღნიშნულ სემინარზე კიდევ ერთხელ მოხდება ორმხრივი, გერმნულ-ქართული პროექტის ფარგლებში შექმნილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი მასის ეტალონური ლაბორატორიის შესაძლებლობების წარმოჩენა რეგიონულ დონეზე, რომელიც ა.წ.ივლისის თვეში, სააგენტოში საზეიმოდ გაიხსნა.
სემინარზე უცხოელი ექსპერტების მიერ განხილულ იქნება მასის გაზომვების თეორიული ასპექტები, ასევე, ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები მასის ეტალონურ ლაბორატორიაში საერთაშორისო დონეზე არსებული თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
„COOMET"-ი წარმოადგენს ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტების თანამშრომლობის ევროპულ-აზიურ ორგანიზაციას და მასში 18 ქვეყანაა გაერთიანებული. პროექტი გერმანიის ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტის („PTB") მხარდაჭერით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული მეტროლოგიის, ისევე როგორც, ზოგადად, ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი დაახლოება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისა და ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნისათვის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას.