ნობელის პრემიის 2010 წლის ლაურეატები ქიმიის დარგში ამერიკელი რიჩარდ ჰეკი, და იაპონელები ეი-იჩი ნეგიში და აკირა სუზუკი გახდნენ. მათ ნობელის პრემია პალადიუმის კატალიზატორების დახმარებით მიმდინარე ორგანული სინთეზის მსვლელობისას ჯვარედინი კავშირების შექმნისათვის მიიღეს.
რიჩარდ ჰეკი დელავერის შტატის უნივერსიტეტში მუშაობს, ეი-იჩი ნეგიში ინდიანას შტატის პურდიუს უნივერსიტეტში, აკირა სუზუკი კი კვლევებს იაპონიაში ხოკაიდოს უნივერისტეტში აწარმოებს. ნობელის კომიტეტში აღნიშნავენ, რომ მეცნიერთა ეს აღმოჩენა უფრო ეფექტურად ნახშირბადის ატომების შეერთებისა "ყოველდღიურ ცხოვრებას გააუმჯობესებს".
გასულ წელს ამ დარგში ნობელის პრემია ასევე სამმა მეცნიერმა მიიღო უჯრედებში ფუნდამენტალური მექანიზმების კვლევისათვის.
შეგახსნებთ, რომ ფიზიკის სფეროში 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები კონსტანტინე ნოვოსიოლოვი და ანდრეი გეიმი გახდნენ. პრემია მათ ახალი ნანომასალის - გრაფენის შექმნისათვის მიიღეს.
გრაფენი - უახლესი მასალაა, რომელიც ნახშირბადის ატომთა ფენას წარმოადგენს, რომლის სისქე ერთ ატომს უდრის და იკვრება "სპ²" კავშირის მეშვეობით გექსაგონალურ ორგანზომილებიან კრისტალურ ბადეში.
მკვლევართა აზრით, ასეთი მასალის გაჩენამ შესაძლოა უახლოეს მომავალში ნანოელექტრონიკის ახალი კლასის შექმნას შეუწყოს ხელი.
ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2010 წლის ნობელიანტი მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი რობერტ ედვარდსი გახდა, რომლის გამოკვლევის წყალობითაც 1978 წელს სინჯარიდან პირველი ბავშვი გაჩნდა.
ნობელის კომიტეტის ინფორმაციით, 85 წლის კემბრიჯელი პროფესორი პრემიას 10 მილიონი შვედურ კრონის ოდენობით (1,5 მილიონი აშშ დოლარი) ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდის შემუშავების გამო მიიღებს, რომლის მეშვეობითაც უამრავმა უშვილოდ მიჩნეულმა წყვილმა მშობლებად გახდომის ბედნიერება მიიღო.
ბრიტანელი პროფესორის ღვაწლმა უშვილობის მკურნალობაში ნამდვილი გარღვევა შეიტანა, მედიკოსების შეფასებით, უშვილობის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით წყვილების 10 % იტანჯება. ედვარდსი და მისი კოლეგა ამ მეთოდზე 1950-იანი წლებიდან მუშაობდნენ.
აღნიშნული მეთოდით ჩასახული პირველი ბავშვი ქვეყანას 1978 წელს მოევლინა. ეს იყო გოგონა ლუიზა ბრაუნი. მანამდე ლუიზას დედა 9 წლის განმავლობაში უშვილობას მკურნალობდა.
ყოფილი საბჭოთა კავშირიდან კი ამ მეთოდით გაჩენილი პირველი ბავშვი გახდა ქალაქ კრასნი ლუჩის მაცხოვრებელის ელენა დონცოვას შვილი. ბავშვი 1986 წელს გაჩნდა.
აღსანიშნავია¸რომ ლუიზა ბრაუნს დღემდე თბილი ურთიერთობები აქვს რობერტ ედვარდსთან.
ნობელის 109-ე კვირეული 4 ოქტომბერს ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატის დასახელებით შვედეთში ნობელის 109-ე კვირეული გაიხსნა. თავის ანდერძში ალფრედ ნობელმა ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში ლაურეატის დასახელების ამორჩევა სტოკჰოლმში არსებულ კაროლინის ინსტიტუტს უანდერძა.
მასთან არსებული ნობელის კომიტეტი შედგება ხუთი მუდმივი წევრისაგან, რომელთაც თავის მხრივ აქვთ უფლება კონსულტაციებისათვის ექსპერტები მოიწვიონ. ტრადიციისამებრ, ნობელის კომიტეტები ბოლო მომენტამდე არაფერს აცხადებენ არც პრემიის პრეტენდენტებზე და არც მათზე, ვინც ისინი პრემიაზე წარადგინა.
ხვალ, 7 ოქტომბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დასახელდება. 8 ოქტომბერს მსოფლიო მშვიდობის დარგში ლაურეატის ვინაობა გახდება ცნობილი. ბოლოს კი, 11 ოქტომბერს, დასახელდება ლაურეატი ეკონომიკის სფეროში.