2011 წლიდან რეცეპტის გარეშე, პირველადი მოხმარების წამლების გარდა, არც ერთი მედიკამენტი არ გაიყიდება. აღნიშნული ინიციატივა 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, სანდრო ურუშაძემ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ამ საკითხზე სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებთან და ფარმაცევტული ნაწარმის მწარმოებელებთან მუშაობს.
"საკანონმდებლო ინიციატივაში, რომლითაც სამინისტრო პარლამენტს უახლოეს მომავალში მიმართავს, ყველა ამ მედიკამენტის დასახელება დეტალურად იქნება გაწერილი", - განმარტა მინისტრმა.
სანდრო ურუშაძის განცხადებით, მოქალაქე ხშირად ოფიციალური დოკუმენტის გარეშე ყიდულობდა წამალს, რომელიც შესაძლოა, ფალსიფიცირებულიც ყოფილიყო.
"მორჩა ის დრო, როდესაც ადამიანები ქაღალდის ნაგლეჯებით წამლებს ყიდულობდნენ. რეცეპტის ინსტიტუტი უნდა შევუსაბამოთ საერთაშორისო სტანდარტებს ", - აღნიშნა მინისტრმა.