შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძის განცხადებით, აუცილებელია ფარმაცევტული კომპანიებისა და სამედიცინო პერსონალის ურთიერთობები საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს.
როგორც ურუშაძემ დღეს, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის წინა განაცხადა, შეხვედრაზე ძირითადად, სამ საკითხი - სამედიცინო დაწესებულებებში ფარმაცევტული კომპანიების პროდუქტის რეკლამირების აკრძალვა მედიკოსების მხრიდან; ექიმების ამა თუ იმ კომპანიის მუშაობასა და სარეკლამო კლიპებში მონაწილეობის აკრძალვა, ასევე რეცეპტის საერთაშორისო სტანდარტით შემოტანის საკითხი განიხილება.
"უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა ადამიანები აფთიაქებში ქაღალდის ნაგლეჯით მიდიოდნენ და მედიკამენტს გაურკვეველ ვითარებაში ყიდულობდნენ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ რეცეპტის საკითხი შევუსაბამოთ საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ, თუ რა მედიკამენტს ყიდულობენ აფთიაქებში", - განაცხადა ურუშაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის ახალი მინისტრის თქმით, სამინისტრო ფარმაცევტული კომპანიებთან ერთად ფალსიფიცირებული წამლების წარმოებისა და რეალიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ერთიანი სტრატეგიას შეიმუშავებს.