დღეს, 6 ოქტომბერს, მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 110 წელი შესრულდება. ვერიკო (ვერა) ივლიანეს ასული ანჯაფარიძე 1900 წლის 6 ოქტომბერს (ძვ. სტ. 23 სექტემბერს) ქუთაისში დაიბადა.
ვერიკო ანჯაფარიძე იყო საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო, შოთა რუსთაველის სახელობის და კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მარჯანიშვილის თეატრის მრწამსის მიმდევარი და დამცველი.
ვერიკო ანჯაფარიძე დაიბადა ქუთაისელი ინტილიგენციის ოჯახში. ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მოსკოვში - ს. აიდაროვისა და თბილისში - გ. ჯაბადარის დრამატულ სტუდიებში. 1920-1926 წლებში იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის, 1926-1928 წლებში - ბათუმის თეატრისა და თბილისის "მუშათა თეატრის", 1928-1932 წლებში - ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის (ხელმძღვანელი კოტე მარჯანიშვილი) მსახიობი. 1932-1933 წლებში მუშაობდა მოსკოვის "რეალისტურ თეატრში", სადაც მ. გორკის "დედაში" შეასრულა სოფიას როლი. 1933 წელს დაბრუნდა თბილისში და მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას. 1957-1959 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის განმავლობაში ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა. მათ შორის: ოფელია (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ივდითი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), დეზდემონა (უ. შექსპირის "ოტელო"), ლიზი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), გინატრე (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"), მარგარიტა (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ცაბუ (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), აიშე (ი. ვაკელის "შური"), ლარისა (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მაყვალა (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), კლეოპატრა ( უ. შექსპირის "ანტონიოს და კლეოპატრა"), დარეჯანი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), გრაფინია (პ. ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), შეჰმენე ბანუ (ნ. ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), მარიამ სტიუარტი (ფ. შილერის "მარიამ სტიუარტი"), მედეა (ევრიპიდეს "მედეა"), ბებია (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ფრუ ალვინგი (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი"), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის "შთამომავლობა"), ნენი (პ. ზინდელის "გვირილა"), ლედი მაკბეთი (უ. შექსპირის "მაკბეთი"), დედოფალი (მ. მრევლიშვილის "წამება დედოფლისა"), მისის ჰიგინზი (ბ. შოუს "პიგმალიონი") და სხვა.
ანჯაფარიძემ შექმნა განუმეორებელი ეკრანული სახეები: მარო ("საბა"), ლუიზა ("კომუნარის ჩიბუხი"), კნეინა ბარათაშვილისა ("არსენა"), რუსუდანი ("გიორგი სააკაძე"), ჰანსის დედა ("ბერლინის დაცემა"), დაფინა ("სკანდერბეგი"), ოთარაანთ ქვრივი ("ოთარაანთ ქვრივი"), ნინო ("ბედნიერი შეხვედრა"), კნეინა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), პელაგია ("შეხვედრა წარსულთან"), მგზავრი ("მონანიება") და სხვა.
ვერიკო ანჯაფარიძე მხატვრული კითხვის ოსტატი იყო. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას: კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგა სპექტაკლები: ვ. როკის "ინჟინერი სერგეევი", ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან", ა. აღლაძის "მღელვარე დღეები".
ანჯაფარიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტსა და დრამატულ სტუდიებში. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე. 1980 აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.
გარდაიცვალა 1987 წლის 30 იანვარს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.