პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილ "ახალი აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას" ეხმიანება და მას შეთქმულებას უწოდებს. ამის შესახებ აბასმა პალესტინის ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
"იერუსალიმი არ იყიდება და თქვენი შეთქმულება ვერ აღსრულდება. ჩვენ არ დავუშვებთ პალესტინის ხალხის ისტორიული უფლებების უგულებელყოფას. ჩვენ მხარს ვუჭერთ პალესტინის სახელმწიფოს, რომელის დედაქალაქი იერუსალიმია", - განაცხადა მაჰმუდ აბასმა.
მისი თქმით, წარმოდგენილი გეგმა წარუმატებლობისთვის არის განწირული.
"ჩვენი პოზიცია უცვლელია, არ ვიზიარებთ ე.წ. საუკუნის შეთანხმებას და ყველა მიმართულებით მის აღსრულებას შევეწინააღმდეგებით", - განაცხადა მაჰმუდ აბასმა.
პალესტინის ლიდერმა სატელევიოზიო ეთერით მოუწოდა პალესტინელებს, რომ გაერთიანდნენ ტრამპის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, სამშაბათს, 28 იანვარს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად "ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა" წარადგინა.
სამშვიდობო გეგმის დეტალები იხილეთ აქ.