საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წმინდა კეთილმსახური მეფის, თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ახლი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, სკოლა-პანსიონში მოსწავლეებს საშუალება აქვთ სხვადასხვა მეცნიერებას, ერის კულტურას, ხელობასა და ხელსაქმეს დაეუფლონ.
სკოლა-პანსიონში, რომელშიც ინფრასტრუქტურა მთლიანად გამართულია, 2011 წლის ზაფხულში საზაფხულო სკოლები გაიხსნება, სადაც თურქეთში, ირანსა და საინგილოში მცხოვრები ბავშვები ისწავლიან.
სკოლა-პანსიონი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და მეურვეობას თავად კათალიკოს -პატრიარქი უწევს. სკოლას დეკანოზი მირიან სამხარაძე ხელმძღვანელობს, რომელიც წლების განმავლობაში ხულოში ტბელ აბუსერიძის სახელობის გიმნაზიაში მოღვაწეობდა.
სკოლა-პანსიონში, სადაც 400 ბავშვი სწავლობს, სწავლა ეროვნული სასწავლო გეგმით მიმდინარეობს. სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებულია ასევე დავიწყებას მიცემული ძველი ქართული სახელოვნებო და სახელობო სწავლება. ვაჟებისთვის - ოქრომჭედლობა, ხესა და ქვაზე კვეთა, ხოლო გოგონებისთვის _ ხელსაქმე. გარდა ამისა მუსიკა, მათ შორის, ქართული ფოლკლორი და სპორტი.