საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს პროფკავშირების თავჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მასწავლებელთა გაერთიანებული პროფკავშირის წევრებს შეხვდნენ. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ასამდე პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
"მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა რეფორმების პროცესში. ამ მხრივ მასწავლებელთა გაერთიანებული პროფკავშირები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია'', - აღნიშნა შაშკინმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, ახალ საგნებზე, შეფასების ახალ სისტემაზე, უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე და სხვა მრავალ სიახლეზე. შაშკინმა მასწავლებელთა გაერთიანებული პროფკავშირის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 -2015 წლების სტრატეგიული გეგმა წარუდგინა.
საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პროფესიული კავშირების გაერთიანებებთან.