შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთის ქალაქ უხანიდან ამერიკის 230 მოქალაქის ევაკუაციას განახორციელებს. იტყობინება Wall Street Journal-ი.
გამოცემის ცნობით, ამერიკის მოქალაქეებს შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებიც არიან.
კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინის ქვესშ მყოფ ქალაქს ამერიკის მოქალაქეები ჩარტერული რეისით სამშაბათს დატოვებენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უხანიდან მომავალი თვითმფრინავი ონტარიოში, კალიფორნიის შტატში დაეშვება, სადაც ყველა მგზავრი გაივლის საგანგებო შემოწმებას.
უხანიდან მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს ასევე ინდოეთი, რომელმაც თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ჩინეთის შესაბამის უწყებებს, საიდანაც საბოლოო თანხმობის მიღებას ელოდება.
ბოლო ინფორმაციით, ახალ კორონავირუსს 106 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულია 4000-ზე მეტი.
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გასული წლის 31 დეკემბერს მიაწოდა.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ავსტრალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნეპალში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.