ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ კონგრესმენებზე გაკეთებულ განცხადებებს უტაქტობასა და უმადურობას უწოდებს. ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებას სტრატეგიულ მოკავშირეებთან ზრდილობიანი საუბრისკენ მოუწოდებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე მმართველი გუნდის წევრებს ზრდილობის სწავლისკენ მოუწოდებს.
„ძნელია წარმოიდგინო ამისთანა უტაქტობა, არაპროფესიონალიზმი და უმადურობა, რომელსაც „ქართული ოცნების“ აქტივი და თანამდებობის პირები იჩენენ საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მიმართ. სულ ყველას მინდა ვუთხრა, არ აქვს მნიშვნელობა ელჩი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ აქ მოლაპარაკე თავები - ბატონებო, ზრდილობა ისწავლეთ, ურთიერთობის ტონი აარჩიეთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან“, - განაცხადა ვაშაძემ.
საუბარია ამერიკაში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებაზე, რომელშიც ის კონგრესმენებს ტონსა და კომუნიკაციის ფორმას უწუნებს.
ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კიდევ ერთი წერილი გაუგზავნეს. ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს გაგზავნილ წერილში პოლიტიკური მოტივით დევნითა და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, შეშფოთება გამოთქვეს.
კონგრესმენებმა გიორგი გახარიას ღია წერილით თვრამეტ იანვარსაც მიმართეს, სადაც საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
გარდა ამისა, კონგრესმენების, სენატორების, ექსპერტების და გავლენიანი მედიასაშუალებების კრიტიკის შემდეგ, განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა, რომლის თარგმანსიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს და მხარს უჭერს მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ.
კიდევ ერთი სენატორი ვინც კრიტიკას შეუერთდა პიტ ოლსენია. „საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს,“ - ამის შესახებ ის საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.