"საქართველოს ხელისუფლება უკვე გარდაიცვალა, რეალურად ახლა მკვდარს ელაპარაკებიან, მისი რეანიმირება შეუძლებელია", - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა გადაცემაში, "გიორგი თარგამაძის პოლიტიკა" განაცხადა.
ბერძენიშვილის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას არ ესმის კრიტიკა, რომელსაც მათი მისამართით გამოთქვამენ.
"დაინახა ყველამ, რომ იღებენ თაროებიდან ძველ საქმეებს და ცდილობენ, რომ ოპოზიციის ლიდერები მარადიულ შიშში ამყოფონ. ქმნიან ასეთ ველს, რომ არჩევნები კი იქნება, მაგრამ ასარჩევი გეყოლებით მარტო მე. არავის ისე არ ჰგავს ეს ხელისუფლება, როგორც შევარდნაძის ბოლო წლებს და ასლან აბაშიძის ვითარებას, იმიტომ რომ დაკარგეს მათ შანსი რამე ტიპის დიალოგისა უცხოეთიდან.
საქართველოს ხელისუფლება უკვე გარდაიცვალა, რეალურად ახლა ისინი მკვდარს ელაპარაკებიან, მისი რეანიმირება შეუძლებელია. ამ ხელისუფლებას კრიტიკა არ ესმის, წამალს ასმევენ და არ სვამს ამ წამალს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.