საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე 1928 წლის 25 იანვარს, ლანჩხუთში სოფელ მამათში დაიბადა.
ის იყო სკკპ წევრი 1948 წლიდან. 1946 წლის ივლის-ოქტომბერში მუშაობდა საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის ინსტრუქტორად. IX-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სოციალისტური შრომის გმირი (1981). სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი (1978), წევრი 1985 წლის ივლისიდან.
1957–1961 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი, 1961-1964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი.
1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1964-1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965-1972 წლებში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად.
1985 წელს შევარდნაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 1990 წელს იგი გადადგა. 1991 წელს მიხეილ გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992–1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე.
მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა. სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა "ჩემი არჩევანი", სადაც მისი პოლიტიკური კარიერა, გაუხმაურებელი ფაქტები და მოვლენებია აღწერილი.
ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია კრწანისის რეზიდენციაში, მეუღლის, ნანული შევარდნაძის გვერდით.